„ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველი ორგანოების „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თანაგუნდელის, ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით მათ თავისუფლების მოედანზე ბრიფინგი გამართეს. რეგიონული წარმომადგენლების სახელით მედიასთან განცხადება დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ენმ-ის წევრები ქათამაძის ცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებს ადანაშაულებენ და ოზურგეთის საკრებულოს პარასკევს, რიგგარეშე სხდომის გამართვისკენ მოუწოდებენ, რათა დამნაშავე დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების საკითხი განიხილონ.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, ხვალ, 14:00 საათზე ოზურგეთის საკრებულოსთან ქათამაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ტარიელ აროშიძეს.

შსს-ს ცნობით, 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.