ოზურგეთში „გურია ექსპრესის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი შპს „გურია ექსპრესის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა სხვადასხვა პროფესიულმა გაერთიანებამ. ადგილზე იმყოფებიან როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელები, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და აღნიშნული საქმით დაინტერესებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მსვლელობით ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობისკენ წავლენ და აქციას იქ დაასრულებენ.
როგორც ცნობილი გახდა, შპს „გურია ექსპრესმა“ მოლაპარაკებები შეწყვიტა. კომპანიამ გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ, სასამართლოს მიმართავენ გაფიცულებიც.
შეგახსენებთ, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები უკვე 33 დღეა, დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ.