ოზურგეთში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვები მიმდინარეობს.
კანონპროექტის ძირითად მიმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს გურიაში სპორტის სფეროში ჩართული მოქალაქეები ოზურგეთში გამართულ საჯარო განხილვისას გაეცნენ.
ღონისძიება კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სპორტის მიმართულებით მიდგომები შესაცვლელია და სწორედ ამას ისახავს მიზნად „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა. პროექტში ასახულია სახელმწიფოს მიდგომები სპორტის განვითარების ხელშესაწყობად. აუცილებელია შესაბამისი სპორტული გარემოს და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და შემდგომ მათზე ხელმისაწვდომობა. ეს არის ორი ძირითადი გამოწვევა, რომელთა დაძლევაც სპორტის განვითარებას უზრუნველყოფს.
სპორტი არ არის ერთი კონკრეტული სახეობა, იგი ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ყველასთვის. მომავალი თაობებისთვის სპორტის მიმართულებით კარგი საკანონმდებლო ბაზა უნდა შევქმნათ და სწორედ ამას ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ოზურგეთში გამართული საჯარო განხილვის მნიშვნელობა და უშუალოდ კანონპროექტის თემატიკა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, მერაბ ჭანუყვაძემ შეაფასა.
„ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად, რომელიც სპორტის განვითარების მიმართულებებს ეხება. აღნიშნული თემა მნიშვნელოვანი საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნაკლებად ვართ ჩართული ამ პროცესებში ვიდრე ეს აუცილებელია. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ყველა თაობის და რასაკვირველია, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სპორტში და მის ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, რეგიონში კიდევ უფრო განვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის სპეციალისტები მომავალი თაობების ფიზიკურ აღზრდაში აქტიურად ჩაერთვებიან“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
ღონისძიებაზე შეკრებილი სპორტული საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება კანონპროექტის ძირითად მიმართულებებს და ახალ მიდგომებს გაეცნო, რომლებიც კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები გამოთქვა. გურიის მოსახლეობის მოსაზრებები სპორტსკოლების სამინისტროსთვის დაბრუნების საკითხებს, დაწყებით კლასებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგების ჩართულობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტის როგორც ბიზნესის მიმართ საგადასახადო შეღავათების დაწესებას და სკოლებში სპორტული შეჯიბრებების და ოლიმპიადების ჩატარებას შეეხებოდა.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს რეგიონებში გრძელდება. კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა ხვალ ზუგდიდში გაიმართება.