ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის შენობის წინ მცენარეები გადაჭრეს.
მცენარეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა გადაჭრა. ამასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიამ განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზონები ქუჩაზე ნაკლები ხილვადობის გამო, ხშირად საავარიო სიტუაციას ქმნიდა.
მათვე ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის თანამშრომლებმა მცენარეების ის ნაწილი გადაჭრეს, რომელიც ტრანსპორტით მოძრაობის დროს, ხილვადობას უშლიდა ხელს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება ჭავჭავაძის ქუჩაზე გაზონების ჭრის საკითხს. ვინაიდან აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გაზონები, ნაკლები ხილვადობის გამო, ხშირად საავარიო სიტუაციას ქმნიდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ არა ნარგავების გაჩეხვას, არამედ იმ ნაწილის გადაჭრას, რომელიც ტრანსპორტით მოძრაობის დროს, ხილვადობას უშლის ხელს. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღის, ასევე ქუჩის კვეთაში საჯარო სკოლის მიმართულებით, ხშირად მოძრაობენ ბავშვები. გარდა ამისა, მოახლოებულ აღდგომის სადღესასწაულო დღეებში ქალაქის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით იტვირთება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს არა მწვანე ნარგავთა გაჩეხვა -განადგურება, არამედ საავარიო სიტუაციების თავიდან არიდების, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება”, – ნათქვამია განცხადებაში.