ოზურგეთში 61 საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს
ოზურგეთში გახსნილი 62 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 61-ის შედეგებია დათვლილი. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ოზურგეთის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმათა 50,05% ანუ 16 947 ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ, ხოლო 49,95 % ანუ 16 912 ხმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მიიღო.
ამ დროისთვის ცესკო-ს ვებგვერდზე მხოლოდ ნასაკირალის #59 საარჩევნო უბნის შედეგები და შემაჯამებელი ოქმი არ არის განთავსებული, სადაც ხმის დათვლის პროცესს ხმაური მოჰყვა.
დაბა ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს „ქართული ოცნება“. როგორც პარტიის ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღურჯუმელიძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, დაბა ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა.