ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე ასტროფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე, მოქალაქეებმა მოისმინეს ლექციები ასტრონომიისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით დაკვირვებოდნენ ციურ სხეულებს: მზეს, მთვარეს, იუპიტერს, სატურნსა და თანავარსკვლავედებს.
ასევე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, ციური ობიექტები ტელესკოპიდან მობილურის საშუალებით გადაეღოთ.
,,ფესტივალის მიზანია მეცნიერების, ასტრონომიისა და სხვა კოსმოსური მიმართულებების პოპულარიზაცია საზოგადოებაში“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
„ასტროფესტი 2020“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.