ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას. დეპუტატი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის. მისივე თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ამ დრომდე არ არის ყურადღება მიქცეული.
ნიკოლაშვილის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც საკრებულოს წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა ურთიერთბრალდებები, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
„ოზურგეთში მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი სტიქია. მაგალითად, ერთ-ერთი სოფელი ამ დრომდე მოწყვეტილია გარესამყაროს. კონკრეტული ოჯახები კვლავ მიტოვებულია სტიქიის ზონაში, მათ აქვთ პრობლემები. მდინარე ადიდდა, მიწები ჩამოეშალათ, საფრთხის წინაშე არიან. არის რვასულიანი ოჯახი, რომელიც საფრთხის წინაშეა და ამ პრობლემებზე რომ დავიწყე საუბარი, მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოსმენაც კი არ ისურვეს“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
ამასთან, საკრებულოს სხდომის დაწყებისას საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა ქვემო ნატანების საჯარო სკოლის საკითხს. როგორც მან აღნიშნა, ყველამ იცოდა, რომ სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და განაცხადა, რომ გამოცხადდება ტენდერი და ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა კი აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მხრიდან დროულად უნდა მომხდარიყო რეაგირება.
სხდომა უკვე განახლდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პროტესტის ნიშნად სხდომას აღარ ესწრებიან.