ოზურგეთის ბაზარი დროებით დაიხურა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარევაჭრობა აიკრძალა
ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში, დღეს დილიდან ოზურგეთის ბაზარი დროებით დაიხურა.
ამასთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარევაჭრობაც აიკრძალა.
„მერიამ, პოლიციამ და მოხალისეთა ჯგუფებმა მაქსიმუმი გააკეთეს ბაზრის გასაკონტროლებლად. ვეცადეთ, არ დახურულიყო, დახლები დავალაგებინეთ კომპაქტურად, მოქალაქეები რომ დისტანცირებულად გადაადგილებულიყვნენ და მოვაჭრეებს საარსებო წყარო ჰქონოდათ. ოთხჯერ ჩატარდა დეზინფექცია, ზედამხედველობის სამსახური აფრთხილებდა ყველას, დაეცვათ დისტანცია. ბაზარი კერძო საკუთრებაა, არ არის მუნიციპალიტეტის ბაზაზე და მერიამ ბევრჯერ გააფრთხილა ხელმძღვანელობა რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე, მაგრამ მაინც ასეთი შედეგი დადგა. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს იქნება ბაზარი დახურული“, – განაცხადა ოზურგეთში საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.