ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის პრეზენტაცია „კავეა გალერეაში“ გაიმართა [ფოტო]
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილის, ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის პრეზენტაცია „გალერეა თბილისში“, კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართა.
როგორც ოთო ნემსაძემ ვიდეორგოლის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მისთვის ვიდეოკლიპი ძალიან ემოციურია.
„აფხაზეთის და სამაჩაბლოს ხმა წელს ევროვიზიაზე ძალიან მკაფიოდ იჟღერებს. მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და სამაჩაბლოელ და-ძმებს, დედებს და მამებს, იცოდეთ, რომ აქეთ ყველას ახსოვხართ, ყველას უყვარხართ და ყოველთვის იქ ხართ, სადაც საქართველოა“,- განაცხადა ოთო ნემსაძემ.
ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა. მუსიკა ეკუთვნის რომა გიორგაძეს, ტექსტი – დიანა გიორგაძეს.
საკონკურსო ვიდეორგოლი მასშტაბურია. ოთო ნემსაძესთან ერთად მასში მონაწილეობენ ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები და სპეციალურად კლიპისთვის შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი.
სიმღერა „სულ წინ იარეს“ სატელევიზიო პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგა.
ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალურ „იუთუბ“ (Youtube) არხზე და www.1tv.ge-ზე.