ოთო ნემსაძე გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. ქართველმა კონკურსანტმა უკვე გაიარა რამდენიმე რეპეტიცია.
როგორც ოთო ნემსაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, მისმა გულშემატკივრებმა უნდა უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება სმს და ტელეფონის ნომრები და ქართველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა გულშემატკივრებს სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.
ამასთან, ევროვიზია 2019-ის პირველ ნახევარფინალისტებს რამდენიმე საათში საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ჟიურის ქულები ანონიმური დარჩება და 14 მაისს პირველ ნახევარფინალში მაყურებლის ქულებთან დაჯამდება.
ოთო ნემსაძე ექსპო თელ-ავივის სცენაზე, 14 მაისს ნახევარფინალურ შოუზე მე-11 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას – „სულ წინ იარე“.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება.
ევროვიზია