ოთხი მილიარდი წლის წინანდელ მარსულ მეტეორიტში არამიწიერი სიცოცხლის კვალი არ აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
ოთხი მილიარდი წლის წინანდელ მარსულ მეტეორიტში არამიწიერი სიცოცხლის კვალი არ აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება

ამ დროისათვის უკვე აღმოჩენილია ასზე მეტი მარსული წარმოშობის ქვა, რომლებიც ოდესღაც წითელ პლანეტას მოსწყდნენ და დედამიწაზე ჩამოცვივდნენ. მათ შორის, ეგზემპლარი, სახელად ALH84001, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა.

მეტეორიტის ეს ფრაგმენტი 1984 წელს ალან ჰილსმა ანტარქტიდაზე აღმოაჩინა და მიჩნეულია, რომ ის დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მარსზეა წარმოქმნილი.

მისი აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებს განსაკუთრებულ საგონებელში აგდებდა მის შემადგენლობაში არსებული ორგანული ნახშირბადის კვალი. შეიძლება თუ არა, რომ ის მარსზე ამდენი მილიარდი წლის წინ სიცოცხლის არსებობის ნიშანი ყოფილიყო?

ფრაგმენტის უახლესი კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ არა. დიდი ალბათობით, მეტეორიტში აღმოჩენილი ორგანული მოლეკულები სითხისა და ქანის ურთიერთქმედების შედეგია, ისეთის, რაც დედამიწაზეც ხდება.

„მეტეორიტის მინერალების წარმოშობის ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადრეულ დედამიწაზე მიმდინარე გეოქიმიური პროცესები, ისე მარსის სიცოცხლისუნარიანობის პოტენციალი“, — ამბობს კარნეგის სამეცნიერო ინსტიტუტის ასტრობიოლოგი ენდრიუ სტილი.

 

მისი განცხადებით, ALH84001, როგორც ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი მარსული ქანი ერთგვარი ფანჯრის როლს ასრულებს იმ პლანეტური პროცესებისაკენ, რომლებიც შეიძლება, ადრეულ დედამიწაზეც მიმდინარეობდა.

„ამ ორგანული ნივთიერების წარმოქმნის მექანიზმის ჰიპოთეზებს შორის არის აბიოტური წარმოქმნა შეჯახებით, აალებით ან/და ჰიდროთერმული პროცესებით; ბიოლოგიური წარმოება სავარაუდო უძველესი მარსული ორგანიზმების მიერ; და დედამიწისეული დაბინძურება“, — წერენ მკვლევრები.

ALH84001-ში აღმოჩენილი ნახშირბადის ციცქნა ბურთულების შესასწავლად, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურმა ცენტრმა ჯგუფს მეტეორიტის თხელი მონაკვეთი და ნაქლიბი გადასცა.

ფრაგმენტები სხვადასხვა მეთოდით შეისწავლეს, მათ შორის ნანომასშტაბის დონის ვიზუალიზაციით, მათში არსებული იზოტოპების ანალიზით, და სპექტროსკოპიით.

როგორც შედეგებმა აჩვენა, ქანის მახასიათებლები მიუთითებს, რომ ის შეიძლება ადვილად წარმოქმნილიყო არაბიოლოგიური, აბიოტური პროცესების გზით, რომლებიც დედამიწაზეც წარმოქმნიან ნახშირბადის ორგანულ მოლეკულებს. პირველი მათგანია სერპენტინიზაცია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც რკინით ან მაგნიუმით მდიდარი აალებადი ქანები (გამყარებული ლავა ან მაგმა) მოცირკულირე წყალთან ურთიერთქმედებს და წყალბადს წარმოქმნის.

მეორე პროცესია კარბონიზაცია, რომელიც ქანები ოდნავ მჟავე წყალთან ურთიერთქმედებს, რომელშიც ნახშირორჟანგია გახსნილი; შედეგად მიიღება კარბონატული მასალები. უცნობია, ეს ორი პროცესი ერთდროულად ხდებოდა თუ არა, მაგრამ კვლევა მიუთითებს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ მიმდინარეობდა.

„ამ ტიპის ორგანული სინთეზისთვის საჭიროა მხოლოდ წყალი, რომელიც შეიცავს მასში გახსნილ ნახშირორჟანგს, რათა აალებადი ქანები გაიჟღენთოს“, — ამბობს სტილი.

მისივე განცხადებით, ამ სახის არაბიოლოგიური, გეოლოგიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მრავალი სახის ორგანული ნახშირბადის ნაერთი, რომლისგანაც შეიძლებოდა სიცოცხლე აღმოცენებულიყო; ამავე დროს, წარმოადგენს ფონურ სიგნალს, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მარსზე წარსულის სიცოცხლის ნიშნების ძებნისას.

მეტეორიტში ორგანული მასალების ასახსნელად, არამიწიერი სიცოცხლის კვალისა და დედამიწისეული დაბინძურების ჰიპოთეზების გარდა, განიხილავდნენ რამდენიმე სხვა აბიოტურ პროცესსაც: ვულკანურ აქტივობას, მარსზე კოსმოსური ნამსხვრევების ჩამოცვენას და ჰიდროლოგიურ ექსპოზიციას.

სერპენტინიზაცია და კარბონიზაცია მარსულ მეტეორიტებში იშვიათად გვხვდება, განსაკუთრებით უძველესებში, თუმცა, ორბიტაზე მოძრავ ხომალდთა მიერ ეს პროცესები წითელ პლანეტაზე დაფიქსირებულია. როგორც ჩანს, ორგანული მოლეკულების აბიოტური სინთეზი მარსზე ჯერ კიდევ ამ პლანეტის გაჩენის დროიდან მიმდინარეობს.

„დედამიწაზე, ეს რეაქციები წარმოქმნიან აბიოტურ ორგანულ სინთეზს, მეთანს და მინერალოგიურ მრავალფეროვნებას. მარსზე, ასეთი რეაქციები სიცოცხლისუნარიანობის რელევანტურია და გამოიყენება მის ატმოსფეროში მეთანის არსებობის ასახსნელად“, — წერენ მკვლევრები.

მარსის კვლევა დედამიწის შესახებაც ბევრ ცნობას გვაძლევს, რადგან ამ ორ პლანეტას მსგავსი საწყისები ჰქონდა. ერთ-ერთი რამ, რაშიც ეს კვლევა მომავალში გამოგვადგება, ჩვენი პლანეტის უძველესი ისტორიის კვლევაა, როგორ გაჩნდა აქ პირველად ორგანული მოლეკულები.

„თუ ეს რეაქციები უძველეს მარსზე მიმდინარეობდა, ისინი უძველეს დედამიწაზეც უნდა ყოფილიყო და შესაძლოა, სატურნის მთვარე ენცელადის გარკვეული საკითხებიც ახსნას“, — ამბობს სტილი.

მისივე განცხადებით, მარსზე სიცოცხლის ძებნა უბრალოდ იმას კი არ ემსახურება, რომ პასუხი გავცეთ კითხვას, ვართ თუ არა მარტონი, არამედ დაკავშირებულია უძველესი დედამიწის გარემო პირობების კვლევასთან, რათა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, საიდან მოვდივართ.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.