ოთარ ზურაბიშვილი - შეუპოვარ გენერალ კვინიტაძესთან ერთად, პანთეონში შემოდის დღევანდელი საქართველო, რომელიც ხმამაღლა აცხადებს მის დამოუკიდებლობას
გაბედულ სამხედროსთან ერთად ცოცხლდება დღევანდელი და ხვალინდელი საქართველო, გათავისუფლებული შიშისგან, დარწმუნებული თავის ძალასა და არჩევანში, თავის შესაძლებლობებში და თავის ევროპულობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
მისი თქმით, გენერალი გიორგი კვინიტაძე იქცა სიმბოლოდ, რომელიც აერთიანებს საქართველოს წარსულს, აწმყოს და მომავალს.
„ძვირფასო ქართველებო, გენერალ კვინიტაძეს ოჯახის საყვარელო შვილებო, დღეს ჩვენ, ყველა ქართველი ვართ ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის მოწმენი. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი ქართული მიწის დატოვებიდან 100 წლის შემდეგ, მას უბრუნდება. პანთეონში შემოდის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი. მასთან ერთად შემოდის წარსული და ისტორია. თანამედროვე საქართველოს ისტორიის ჩამოყალიბების ერთი ქვა ემატება. ეს არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაბადების მტკიცებულება მსოფლიოს წინაშე. ქვეყნისა, რომელიც უსწრებს დროს. როდესაც გიორგი კვინიტაძემ შექმნა და ააწყო ქართული არმიის სტრუქტურა, მან საქართველოს ბრძოლის შესაძლებლობა მისცა. მაშინაც კი, თუ ბოლო ბრძოლები დღეს გვაგრძნობინებენ მარცხით განცდილ ჭრილობებს, სწორედ ეს სული, ეს რწმენა ზრდის საქართველოს წინააღმდეგობის გაწევისა და ბრძოლისუნარიანობას. სწორედ ამან აღმოაცენა 1924 წლის აჯანყება. სწორედ ეს სუნთქვა დააკავშირებს 70 წლიანი საბჭოთა ჩაგვრის წინააღმდეგ გაწეულ მოქმედებებს და მიგვიყვანს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, რომლის 30 წლის იუბილესაც ვზეიმობთ. მასთან ერთად შემოდის მომავალი და იმედი.
შეუპოვარ გენერალ კვინიტაძესთან ერთად, პანთეონში შემოდის დღევანდელი საქართველო, რომელიც ხმამაღლა აცხადებს მის დამოუკიდებლობას, საქართველო, რომელიც იბრძვის მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. გენერალ გიორგი კვინიტაძის მაგალითით პანთეონში წარდგება საქართველო, რომელიც მდიდარი ისტორიისაგან მემკვიდრეობით მიღებული ღირებულებებით, გაბედულ სამხედროსთან ერთად ცოცხლდება დღევანდელი და ხვალინდელი საქართველო, გათავისუფლებული შიშისგან, დარწმუნებული თავის ძალასა და არჩევანში, თავის შესაძლებლობებში და თავის ევროპულობაში. ახლა, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ გიორგი კვინიტაძეს, მას ვაქცევთ სიმბოლოდ, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნის წარსულს, აწმყოს და მომავალს. დაე მომავალი თაობები მოწმენი გახდნენ და შთამომავლებს წარუდგინონ გზავნილი, რომელიც გენერალმა კვინიტაძემ დღეს მოგვიტანა. გენერალ გიორგი კვინიტაძის მარადიული ხსოვნა იყოს“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.