ოთარ ზურაბიშვილი - რთულია, ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში, ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა
ოთარ ზურაბიშვილი - რთულია, ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში, ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა

რთულია, ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში, ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, ოთარ ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია.

„საკმაოდ რთულია იურიდიული საკითხები და არ ვიცი, რას ნიშნავს იურიდიულად მისი შეწყალება. ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა საბოლოოდ გამოკეთდეს. ვფიქრობ, რთულია, იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა. პოლიტიკურ გარემოში გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია, იმიტომ, რომ ერთია მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ახსოვს, რა რთული პირობები გამოიარა და შეიძლება შეწყალება მათთვის მიუღებელი იყოს. როცა არის გარდამტეხი პერიოდები და საჭიროა, წინ წავიწიოთ, ძალიან რთულია ამის გამო გათიშვა“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპასთან დაახლოება, გარკვეულწილად, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაც არის.

„ვისაც ეკუთვნის, უნდა თქვას, რომ სააკაშვილის დამსახურებაც არის. ალბათ ესეც ავიწყდებათ. თუ გადავხედავთ დღევანდელ დღეს, არ ვიცი, ვისი დამსახურებაა. საქართველოში ასიათასობით რუსი შემოვიდა და არანაირი კონტროლი არ არის. რა მოგვიტანა ამან პოზიტივი? როცა ეთანხმებიან კარასინის განცხადებებს, რას ნიშნავს? როცა გამოაქვეყნეს „რუსული კანონი“, რატომ აკეთებენ ამას? 100%-ით მჯერა, რომ ეს რეკომენდაცია, უპირველეს ყოვლისა, არის ხალხის დამსახურება, მათ შორის, ახალგაზრდების. რომ არ ყოფილიყო სურათი, რომელიც აჩვენებდა, რომ ხალხი გამოდის ევროკავშირის დროშით და ხელისუფლებას ეწინააღმდეგება „რუსული კანონის“ გამო, ეს რეკომენდაცია არ იქნებოდა“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.