ოთარ ზურაბიშვილი - პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი ცოტა დაგვიანებით გაიხსნა, მაგრამ რაც მთავარია, ეს საქართველოს 70 წლის ისტორიაა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გაიხსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. ზურაბიშვილმა მემორიალის გახსნას საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის უდიდესი საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქვეყანა ძლიერი მეხსიერების გარეშე წარმოუდგენელია.
როგორც მემორიალის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, მონუმენტი იმის სიმბოლოა, რომ ქვეყნის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა.
„ერთადერთი და უნიკალური მემორიალია. ცოტა დაგვიანებით გაიხსნა, მაგრამ რაც მთავარია, ეს საქართველოს 70 წლის ისტორიაა, რომელმაც შეასრულა და მუჭა ემიგრანტებმა დამოუკიდებლობისკენ წაიყვანა. ემიგრანტების უმრავლესობა, რასაკვირველია საფრანგეთში იყო, მაგრამ ბევრი იყო სხვადასხვა ქვეყანაში და არანაკლები იბრძოდა ქართულ მიწაზე. ეს დიდი სიმბოლოა. სიმბოლური ვალი მოვიხადეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავლის ვალი არ მოგვიხდია. საქართველოს გაძლიერება ჩვენი მთავარი ვალია. უდიდესი მოვალეობა გვაქვს მათი და ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.