ოთარ შამუგია - საქართველოს მთავრობამ 2022 წელს მიიღო ნარჩენების მართვის ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია
ოთარ შამუგია - საქართველოს მთავრობამ 2022 წელს მიიღო ნარჩენების მართვის ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია

ნარჩენების მართვის სფერომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში განაცხადა.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, გეგმა განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაზეც ქვეყანამ მუშაობა უნდა გააგრძელოს მომდევნო წლების განმავლობაში. მისი თქმით, პრიორიტეტებად განსაზღვრულია ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენცია, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა და შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 2022 წლიდან დაიწყო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა.

„2022 წლის ივნისში ავტორიზაცია უკვე მიენიჭა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სამ ორგანიზაციას – ნარჩენი ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ვალდებულებების განხორციელებისათვის; ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი; დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 9 305 მწარმოებელი. საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. ასევე, მომზადებულია „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი“, – აღნიშნა მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავს ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელებასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას.

„დაწყებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოდერნიზება მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაღალი სანდოობის მქონე უწყებად ჩამოყალიბებისთვის. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურები სრულად აღიჭურვა სამხრე კამერებით, ვიდეორეგისტრატორებით, საველე პლანშეტებითა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით – დრონები, ფოტოხაფანგები, ციფრული კავშირგაბმულობის სისტემები და სხვა. მთავარ მიზანს წარმოადგენს კონტროლის თანამედროვე მექანიზმების დანერგვა დეპარტამენტის ცნობადობისა და საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად. მნიშვნელოვნად ძლიერდება გარემოსდაცვითი ინსპექტირების მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით, რათა ინსპექტირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. 2022 წელს რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა და 4 635 შეადგინა“, – განაცხადა შამუგიამ.