ოთარ შამუგია - მერძევეობის მიმართულებით 2020-2022 წლებში 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა, სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მილიონ ლარზე მეტია
ოთარ შამუგია - მერძევეობის მიმართულებით 2020-2022 წლებში 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა, სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მილიონ ლარზე მეტია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ბიოწარმოების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.

„სოფლის განვითარების სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობის ანაზღაურებას: სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება. შემუშავდა და დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი – ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ახალ რეგულაციასთან და მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე ბიოპროდუქციის ექსპორტს, რაზედაც მოთხოვნა, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, მერძევეობის მიმართულებით 2020-2022 წლებში 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა.

„ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღინიშნა, რომ 2023 წელს დამატებით 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსება არის გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ინვესტიციის ოდენობა 11 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თანადაფინანსებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა. როგორც აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფინანსდება რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა, ვეტერინარია და სანაშენე საქმიანობა.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე. როგორც შამუგიამ აღნიშნა, 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება, კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი.

„ჩვენ შევძელით სულ რაღაც ოთხ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია თხილის კადასტრში. დღეის მდგომარეობით, ფერმერების 90 პროცენტზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად აჭარის, სამეგრელოსა და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო.

„აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობებს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამავდროულად, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების ფარგლებში შეიქმნა კვალიფიციურ სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია.