ოთარ ნადარაია - საქართველოს ეკონომიკა წელს 4 პროცენტით მაინც გაიზრდება
რუსეთიდან მომდინარე ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული შოკის გამო, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელი არ არის და წელს 4 პროცენტიანი ზრდა მაინც იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების ამოქმედების შესაძლო გავლენა განიხილეს. ქართულმა მხარემ რუსეთის მიმართულებით არსებული ფრენების გაუქმების შესახებ ოფიციალური წერილი გუშინ მიიღო. პარალელურად რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესებულია. მოსკოვში დამატებით სანქციებს არ გამორიცხავენ.
ნადარაიას მოსაზრებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვლენები ყველაზე უარესი სცენარითაც რომ განვითარდეს და რუსეთიდან ტურისტების ნაკადი განახევრდეს, საქართველოში ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელი არ არის. ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს, წელს ეკონომიკის პროგნოზირებული მაჩვენებელი 1.5 პროცენტით შემცირდება და ზრდა 4 პროცენტი იქნება. ნადარაიას თქმით, ამის შესახებ მითითებულია „თიბისი ბანკის“ გამოქვეყნებულ კვლევაში „მართვადი ზეგავლენა ეკონომიკაზე და ფსონი ლარზე“.
„წელს ეკონომიკური ზრდის ჩვენი პროგნოზი იყო დაახლოებით 4.7 პროცენტი. თუმცა მდგომარეობა რუსეთის სანქციებამდე ცოტა გამოსწორდა და 5 პროცენტის ფარგლებში დადგა. ვფიქრობთ, ამ შოკის ჯამური გავლენა ეკონომიკაზე შეიძლება, იყოს 1.5 პროცენტიანი კლების ფარგლებში, ისიც ძალიან კონსერვატული სცენარის შემთხვევაში, როგორიცაა რუსი ტურისტების ნაკადის 50 პროცენტით შემცირება“, – განაცხადა ნადარაიამ.
მისი განმარტებით, ამ ეფექტის შერბილების ფისკალური საშუალებებიც არსებობს.
„ასევე არაერთი საშუალება არსებობს, რომ ეს შოკი შევარბილოთ, რაც ფისკალურ სტიმულში გამოიხატება. საუბარია საკრედიტო რეგულაციების შერბილებაზე. ამ კუთხით, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი რესურსი გვაქვს ჭარბი რისკის აღების გარეშეც. იპოთეკური სესხების რეგულაციების შერბილებას ვგულისხმობ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წელს ეკონომიკის ზრდა 4 პროცენტი მაინც უნდა იყოს“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.