ოთარ კერესელიძე - ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
როგორც კერესელიძემ განაცხადა, თავდაპირველად იყო საფრთხე, ცეცხლი ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გადასულიყო. მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველები ტერიტორიის დათვალიერებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მთელი ღამის განმავლობაში განახორციელებენ.
„ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არის. თავიდან იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, ვინაიდან 2-3 მეტრში იყო ბენზინგასამართი სადგური, ასევე საცხოვრებელი სახლი. ამ დროისთვის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. არის პატარ-პატარა კერები, სადაც განთავსებულია ადვილად აალებადი ტანსაცმელი და პლასტმასის ნივთები. ყველა კერაზე მისულები არიან მეხანძრე-მაშველები. გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მთელი ღამის განმავლობაში განახორციელებენ მეხანძრე-მაშველები ტერიტორიის დათვალიერებას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არ არის“,- განაცხადა კერესელიძემ.