ოთარ კერესელიძე - შეგვეძლო, მამკოდის ტერიტორიიდან ყველა გამოგვეყვანა, თუმცა ნასვამებმა ამის საშუალება არ მოგვცეს, ჩვენი სამსახური ადგილზე რჩება და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ შეეძლოთ, მამკოდის ტერიტორიიდან ყველა ჩარჩენილი გამოეყვანათ, თუმცა ნასვამმა პირებმა ამის საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, დარჩენილ 18 ადამიანს ხვალ დილით გადმოიყვანენ.
„მეორე ლოკაციიდან როდესაც შემოვიდა ინფორმაცია, ოპერატიულად მოხდა სამაშველო ძალების მობილიზება. ასევე, ადგილზე დაგვჭირდა, გამოგვეყენებინა სპეციალური საშუალებები – სახანძრო ავტო კიბე, რისი საშუალებითაც გადმოვიყვანეთ 15 ადამიანი. რაც შეეხება პირველ ლოკაციას, გადმოყვანილია 70 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. იყო საშუალება, რომ გადმოგვეყვანა დანარჩენი 18 პირიც, თუმცა ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ამის საშუალება არ მოგვცეს.
შემდეგ წყლის დონემ იმატა და ის პატარა ბილიკიც, რაც იყო დარჩენილი, აღარ არსებობდა. ამ დროისთვის, 18 პიროვნება რჩება ადგილზე. ჩვენი სამსახური მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. სავარაუდოდ, ხვალ დილით გადმოიყვანენ“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
მამკოდის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამაშველო ღონისძიება ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეს ადგილი ოდნავ დაშორებულია ადგილს, სადაც ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე რამდენიმე ადამიანი ისევ რჩება.