მამკოდის ტერიტორიაზე, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე რამდენიმე ადამიანი ისევ რჩება
მამკოდის ტერიტორიაზე, ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე რამდენიმე ადამიანი ისევ რჩება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდის ტყეში ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე 18 ადამიანი რჩება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების თქმით, მათ გადმოსვლაზე უარი განაცხადეს. ისინი მამკოდის ტერიტორიაზე საქეიფოდ არიან მისული.

მდინარის მეორე მხარეს დარჩენილია 29 ავტომობილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, მაშველებმა ორსაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად უსაფრთხოდ გადმოიყვანეს 70-მდე ადამიანი.

„მეორე მხარეს არის საქეიფო ადგილი, მაგიდებია განთავსებული და აწყობენ პიკნიკებს. ადგილზე მოსვლის შემდეგ გადმოვიყვანეთ დაახლოებით 70 ადამიანი, 4 ბავშვი იყო, 18 ადამიანია დარჩენილი მდინარის მეორე მხარეს, მათ უარი განაცხადეს გადმოსვლაზე, იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, შემდეგ წყალმა მოიმატა და დარჩენილი ბილიკი რაც იყო, ისიც წაიღო. ამ დროისთვის ვაწარმოებთ მონიტორინგს, ადგილზე მობილიზებულია 25-30 მეხანძრე მაშველი და პოლიცია. 70 ადამიანი გადმოიყვანეს მაშველებმა სპეციალური საშუალებებით, თოკები იყო გაჭიმული და სათითაოდ მოხდა ყველა წესის დაცვით მათი გადმოყვანა“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.