ოთარ კერესელიძე - პურის მოედანზე საოჯახო ტიპის სასტუმროში ხანძრისას არავინ დაშავებულა
ოთარ კერესელიძე - პურის მოედანზე საოჯახო ტიპის სასტუმროში ხანძრისას არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩანდა. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დაახლოებით 16:30 წუთზე შემოვიდა შეტყობინება, რომ პურის მოედანზე გაჩნდა ხანძარი. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა ავტოსახანძრო სისტემა, ორი სამაშველო ჯგუფი. კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პურის მოედნის პირველ და ორ ნომერში იწვოდა სამსართულიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. სასტუმრო არ ფუნქციონირებდა, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. დაშავებული არავინ არ არის. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზაცია, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება“, – განაცხადა კერესელიძემ.

ამასთან, როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ხანძარი, სავარაუდოდ, ლიფტის შახტიდან წამოსულმა ცეცხლმა გამოიწვია. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი.

„სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია ლიფტის შახტიდან წამოსულმა ცეცხლმა. დამწვარია დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის ფართობი. დაშავებული არავინ არ არის. როცა სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდნენ, სასტუმროში არავინ იმყოფებოდა“, – აღნიშნა კერესელიძემ.