ოთარ კერესელიძე - ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი
ელიავას ბაზრობაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის, დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
„02:08 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ელიავას ბაზრობაზე იყო ხანძარი. ექვს წუთში ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. იყო ხანძრის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისათვის ხანძარი არის ლოკალიზებული. ადგილზე მუშაობდა 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. დაშავებული არავინ არის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.
„სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. გავრცელების საფრთხე არ გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი არის დამწვარი“, – დასძინა ოთარ კერესელიძემ.