ოთარ კახიძე - თუ გამოვიძიებთ, ვინ აფარებდა ხელს დამნაშავეებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში და ვის აფარებდნენ, ეს მკვლელობის გამოძიებასაც გულისხმობს
თუ გამოვიძიებთ, ვინ აფარებდა ხელს დამნაშავეებს და შესაბამისად, ვის აფარებდნენ ხელს, ბუნებრივია, ეს მკვლელობის საკითხის გამოძიებასაც გულისხმობს, – განაცხადა ახალშექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„ჩვენ გვაქვს სამი თვე იმისთვის, რომ დავადგინოთ, საქმის ირგვლივ რა ხდებოდა. უნდა შევადგინოთ დასკვნა, რომელიც შემდგომ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის უნდა გადავუგზავნოთ. ამ დასკვნაში კომისია ჩაწერს, რა სტანდარტით არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს პირი დანაშაულის ჩადენაში ფიგურირებდეს. თუ ეს იქნება ალბათობის მაღალი ხარისხისა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, შესაძლოა, შესაძლო შემხებლობა გამოიკვეთოს და პროკურატურას შემდგომი მსვლელობისთვის უკვე ამ დოზით გადაეცეს“, – განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, კომისიის მანდატი ეხება, როგორც ხორავას ქუჩაზე მკვლელობების გამოძიების შეფასებას, ასევე სავარაუდო დამნაშავეების დაფარვას, რაც კომისიას დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებამდეც მიიყვანს და სავარაუდო დამნაშავეებამდეც.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აცნობიერებს თუ არა ის იმას, რომ ამ მომენტში მზარდი რეიტინგის, მაგრამ არც თუ ისე პოპულარული პარტიის მიერ პროცესზე პასუხისმგებლობის აღება და საგამოძიებო კომისიის ჩაბარება პარტიისთვის გამოწვევაცაა და რისკიც, რადგან შესაძლოა, ისინი ან სისტემაზე ნიღბის ჩამომხსნელები აღმოჩდნენ, ან მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „გამპრავებლის“ იარლიყიც მიაწებონ, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ეს რისკი არსებობს, მაგრამ როდესაც საუბარი გამოძიებაზეა, ისინი პოლიტიკური დღის წესრიგით არ მოქმედებენ, პარტია პარლამენტში თავის ამომრჩეველს, საზოგადოებას წარმოადგენს და პარლამენტარისთვის არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ვიდრე დროებითი საგამოძიებო კომისიაა.
„ჩვენი მიზანი არ არის, პირები სავალდებულო წესით გამოვავლინოთ. ჩვენი მიზანია, საქმე ვნახოთ და თუ იქ კონკრეტულ პირთა ბრალეულობის შესახებ რეალური მტკიცებულებები მართლაც იქნება, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია წარვუდგინოთ. ჩემი თანაგუნდელების კომპეტენციასა და მონდომებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ დეტალს, რომელსაც არ შევისწავლით“, – განაცხადა კახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია, სხვა საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს, რომელმაც შესაძლოა, სხვა, პირველ რიგში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე შეისწავლოს, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ბიუროს დღის წესრიგში არის და როცა კომისია მუშაობას მორჩება, დასკვნაში იმ საქმეების შესახებ აუცილებლად მიუთითებს, რომლებზეც მომავალში უნდა გაგრძელდეს გამოძიება.