ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადასტურა, რომ საგანს, რომელიც მ.კ-მ გამოიყენა, მჭრელი პირი ჰქონდა
ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადასტურა, რომ საგანს, რომელიც მ.კ-მ გამოიყენა, მჭრელი პირი ჰქონდა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ​ ვერ დაადასტურა და ვერ გამოიკვლია, რომ საგანს, რომელიც მ.კ-მ გამოიყენა, მჭრელი პირი ჰქონდა, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

ოთარ კახიძემ კომისიის სხდომაზე ისაუბრა კომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებზე. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ მ.კ-ს მიმართ დაიწყოს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

„პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებებიდან დავიწყებ მ.კ-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით. აღნიშნული რეკომენდაცია კომისიას გაცემული აქვს მუშაობის პროცესში, როდესაც ჩვენ გამოძიებული საქმის მასალების მიხედვით დავაფიქსირეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებდა პროკურატურის მხრიდან იქამდე დაუდგენელი ფიგურანტის მირზა სუბელიანის ნათესავის, მ.კ-ს მხრიდან დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაზე. აღნიშნული რეკომენდაცია 2018 წლის 30 ივნისს გაიცა, თუმცა მას შემდეგ, კომისიამ გამოავლინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც კიდევ უფრო გამყარდა მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ-მ 51-ე სკოლელებთან საქმის გასარჩევად წაიღო ამ ეტაპზე დაუდგენელი საგანი, რომელიც დავით სარალიძის წინააღმდეგ, ფარდულში ჩხუბის დროს გამოიყენა.

„ეს გარემოება ასაბუთებს მ.კ-ს განზრახვას სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული საგანი მ.კ-მ აჩვენა 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს, შემდეგ გამოიყენა სარალიძის წინააღმდეგ და ბოლოს, ჩხუბის შემდეგ კვლავ აჩვენა მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს დავით სარალიძეს ურტყამდა.

კომისია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე. სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს ჯგუფური დანაშაულის სახე, ეს იყო წინასწარ შეთანხმებით მოქმედი ჯგუფი თუ ამგვარი შეთანხმების გარეშე ორი ან მეტი ამსრულებელი. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რომელიც კომისიას გაცემული აქვს, უბრალოდ ამ რეკომენდაციის კიდევ უფრო გამყარება მოხდა, ახალი ფაქტობრივი გარემოებებით, დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, ვიდეომასალით, რომელიც მაშინვე იყო ცნობილი გამოძიებისთვის, მაგრამ დაფიქსირება, რომ მ.კ. ამ საგანს აჩვენებს თავის მეგობრებს, არ მომხდარა.

საზოგადოებაში არის კითხვა, აღნიშნულ საგანს ჰქონდა თუ არა მჭრელი პირი. კომისიამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, ვერ გამოიკვლია, რომ ამ საგანს მჭრელი პირი ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ჩვენება. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ამ შემთხვევაში პოტენციური ბრალდებულის სასარგებლოდ, ამიტომ კომისია დასკვნაში არ მიუთითებს, რომ მ.კ-ს მიერ გამოყენებულ საგანს ჰქონდა მჭრელი პირი. ეს გამოძიებამ დამატებით უნდა დაადგინოს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.