ოთარ კახიძე - ჩემი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში 14 წლამდე ასაკის არავინ არ არის
14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა და გამოძიებასთან ართანამშრომლობა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, – ამის შესახებ ახალშექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, საქმეში 14, 15, 16 და 17 წლის პირები არიან და 14 წლამდე პირი არავინ არ არის. ეს არასრულწლოვნები საგამოძიებო სტრუქტურებს ინფორმაციას არ აწვდიდნენ“, – განაცხადა კახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ეს ასეა, რატომ არ დგებოდა არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინ, როცა ისინი თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ ამ დეტალების მიხედვით, საქმის ირგვლივ რა ხდებოდა, ვერაფერს იტყვის, რადგან საქმის მასალებს არ იცნობს.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა არაპროფესიონალიზმის შედეგი ის, რომ გამოძიებამ თვითმხილველთა ასეთი ფართო წრიდან ინფორმაციის აღება ვერ მოახერხა და არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ვერ მიხვდნენ, როგორ უნდა ამოიღონ ინფორმაცია მოწმეებისგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის პირობებში, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურებისთვის ბევრად უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ სტანდარტის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ასამდე თვითმხილველიდან გამოძიებასთან რომ ძალიან მცირე ნაწილმა ითანამშრომლა, ეს უფრო ღრმა პრობლემაზე მიუთითებს.
„ჩემთვის ეს საკვანძო საკითხია. ეს პოლიტიკურად, ამ ხელისუფლების ბრალი არ არის. ეს არის ჩვენი, როგორც საზოგადოების პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობასთან, დავების გადაწყვეტის არაფორმალური გზების ძიებასთან, ქურდულ მენტალიტეტთან, კრიმინალურ სამყაროსთან და ა.შ.“ – განაცხადა კახიძემ.
როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, პირმა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ ის დაცული იქნება, პოლიციიდან მის შესახებ ინფორმაცია დროზე ადრე არ გაჟონავს, მასზე ანგარიშსწორებას ვერ მოახდენენ და სახელმწიფო მის გვერდით იქნება.