ოთარ დანელია უმრავლესობის სხდომაზე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კენჭისყრასა და თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს  
ოთარ დანელია უმრავლესობის სხდომაზე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კენჭისყრასა და თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს  

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე გეგმავს, დეპუტატ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრასა და საკუთარი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე ისაუბროს.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, საკითხზე განხილვა იქნება და უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ამ თემაზე ვაპირებ, დანარჩენ კონტექსტზე ვერ ვისაუბრებ, გუნდურ პრინციპს არ დავარღვევ. უმრავლესობის ფორმატი იმას ითვალისწინებს, რომ გუნდში არსებულ საკითხებზე ვიმსჯელოთ. ამ ფორმატში შესაძლებლობა ყოველთვის გვაქვს, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, რეკომენდაციები მოვამზადოთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გუნდურ სულისკვეთებაზე განცხადებას ვაკეთებ. გუნდის სოლიდარული ვარ, სანამ გუნდში ვარ. უნდა გავითვალისწინოთ გუნდური პრინციპები, რითაც გუნდი იმართება. პირველ რიგში, ინდივიდუალური შეხედულებების ადამიანები ვართ, ვისაც გვაერთიანებს ერთი მოცემულობა. ინდივიდუალური თამაშის უფლება არ გვაქვს, რადგან პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდია და საზოგადოება ჩვენგან ერთსულოვნებასა და გუნდურ თამაშს ელოდება. საუბარი გუნდში გვექნება და გადაწყდება ის, რაც გადაწყდება”, – განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, რამდენიმე წლის წინ, თავად რატომ იყო საჯაროდ კრიტიკული მარტვილში მიმდინარე პროცესების გამო და ეს საკითხი რატომ არ განიხილა გუნდში, დანელიამ უპასუხა, რომ გუნდურობა შეუძლია ბევრს ასწავლოს, მაგრამ მას ვერ ასწავლიან.

„როცა განცხადება გავაკეთე, ბოლო ეტაპი იყო პრობლემების დაფიქსირების, რადგან ყველა დონესა და ინსტანციაში ამ თემებზე სერიოზული პრეტენზიები და კამათი გვქონდა. ვინაიდან რეაგირება აღარ იყო, ვალდებული ვიყავი, რეაგირება მომეხდინა”, – განაცხადა დანელიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დღეს სავარაუდოდ 17:00 საათზე დაიწყება. განხილვის ერთ-ერთი თემა დეპუტატების – რომან კაკულიას, მარიამ ჯაშის, ბიძინა გეგიძისა და ალექსანდრე ერქვანიას გადაწყვეტილება იქნება, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურატურის მოთხოვნას, მიემართა სასამართლოსთვის დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.