ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ დედოფლისწყაროს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა.
დაცვის მხარე 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა.
სხდომაზე ბრალდებულმა გიორგი ჭინჭარაულმა კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მაღაზიაში, საკუთარ არასრულწლოვან დისშვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან თანასოფლელი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჩემს დისშვილთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. ამ ბიჭებთან სულ კარგი ურთიერთობა მქონდა. შემოვიდა ერთ- ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში ბიჭების, რას დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე ვარ და საკრებულოს წევრი, ვალდებული ვარ ურთიერთობა ყველასთან მქონდეს-მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან აჩერებდა, მაგრამ, მერე ორივე შარზე იყო, არ ვიცი, რატომ. მეორემაც შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ მდომებოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს. ამის მერე სახლში წავედი და მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის გამო გავედი სახლიდან, დავით ალუღიშვილთან უნდა მივსულიყავი, საკითხების გასავლელად. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენს შორის ჩხუბი 10- 15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით ვიხმარე დანა“, – თქვა გიორგი ჭინჭარაულმა.
პროკურატურა გიორგი ჭინჭარაულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აგვისტოს გაიმართება