საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები ოქტომბერში 8.8 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის ოქტომბერში საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8 პროცენტით აღემატება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 665 055 შეადგინა, რაც 8.8 პროცენტით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 438 805-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 7.8 პროცენტით აღემატება.
ოქტომბერში განსაკუთრებული ზრდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ფიქსირდება: ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა. ასევე, ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყაზახეთი+139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი+56.9%, საუდის არაბეთი+44.9% და სხვა.