რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ოქტომბერში 15.2 პროცენტით შემცირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსეთიდან 118 252 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 21 114 ვიზიტით ანუ 15.2 პროცენტით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 79 477 შეადგინა, რაც 28 170 ვიზიტით ანუ 26.2პროცენტით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება 2019 წლის 10 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 1 324 226 შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 533 შეადგინა ანუ 1.9 პროცენტით მეტი 2018 წელთან შედარებით.
„მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში, ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა და ძლიერდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უზბეკეთში, ყაზახეთში და სხვა იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი, ინტერესი მაღალია და ტურისტები გამოირჩევიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშავა, რათა ერთი ბაზრიდან მიღებული დანაკარგი მაქსიმალურად შევსებულიყო სხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს კამპანიებს ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში. საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება National Geographic-სა და Google-ზე. CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინ გვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი Discover Georgia დამზადდა. სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინ პლათფორმებით. პარალელურად, ვმასპინძლობთ მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.