ოქსფორდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს
ოქსფორდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. პირველ ორ მოხალისეს ინექცია უკვე გაუკეთეს. ისინი პირველები არიან კვლევისთვის შერჩეულ 800-ზე მეტ ადამიანს შორის.
მოხალისეების ნახევარს „კოვიდ-19“-ის ვაქცინას გაუკეთებენ, დანარჩენ ნახევარს კი საკონტროლო ვაქცინას, რომელიც იცავს მენინგიტისგან, თუმცა არა კორონავირუსისგან.
კვლევაში მონაწილე მოხალისეებს არ ეცოდინებათ, თუ რომელი ვაქცინა მიიღეს, ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ექიმებს ექნებათ.
ერთ-ერთი მოხალისე, რომელსაც ვაქცინა უკვე გაუკეთეს, ელიზა გრანატოა.
„მე მეცნიერი ვარ, ასე რომ, მინდოდა ამგვარად მხარი დამეჭირა სამეცნიერო პროცესისთვის“, – ამბობს „ბიბისისთან“ საუბარში გრანატო.
ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი თითქმის სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.
„პირადად მე ამ ვაქცინისადმი დიდი ნდობა მაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვცადოთ ის და მივიღოთ მონაცემები ადამიანებისგან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ნამდვილად მუშაობს და იცავს ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან, ვიდრე ამ ვაქცინის ფართო გამოყენებას დავიწყებთ“, – აცხადებს ჯენერის ინსტიტუტის პროფესორი სარა გილბერტი, რომელიც ვაქცინის შემუშავებაში მონაწილეობდა.