„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, რის საფუძველზეც შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა, – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხარეს ასევე დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.

როგორც ლევან აღდგომელაშვილმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ომეგა ჯგუფისა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევა ხორციელდებოდა.

„სექტემბრიდან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რა წნეხისა და მრავალმხრივი უკანონო შეტევების პირობებში უწევს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობა. „ომეგა ჯგუფისა“ და მისი მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ხორციელდებოდა ფართომასშტაბიანი შეტევა.

ამგვარი უკანონო მოქმედებების მიზანი დასაწყისიდანვე იყო ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისა და მის მფლობელობაში არსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დაუფლება სახელისუფლებო ძალადობის გზით.

პირადი ანგარიშსწორების რეალური საფრთხის მიუხედავად, ზაზა ოქუაშვილმა კორუფციასა და გამოძალვაში ამხილა საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. სრული კრახით დასრულდა მმართველი პარტიის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის დეკლარირებული მხარდაჭერის იძულების მცდელობა. ამის მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა მიზანმიმართული უკანონო შეტევა ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგა ჯგუფზე“, – განაცხადა აღდგომელაშვილმა.

მისივე თქმით, დღემდე პარალიზებულია საწარმო, მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს ტელეკომპანია „იბერიას“ და 1 500-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.

„კომპანიის ხელოვნურად გაჩერება არ აღმოჩნდა საკმარისი: 2019 წლის 22 თებერვალს მივიღეთ შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან. წერილით გვეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება გაიყიდებოდა აუქციონზე.

მიმდინარე წლის 22 მარტს, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ შეჩერებულიყო ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.

სტოკჰოლმის საგანგებო არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.