„ომეგა" ჯგუფის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი დავით ფანქველაშვილი იკითხება
„ომეგა” ჯგუფის საქმეზე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი დავით ფანქველაშვილი იკითხება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც ფანქველაშვილმა სასამართლო დარბაზში შესვლამდე განაცხადა, სასამართლოში “თი-ბი-სი” ბანკის ეპიზოდსა და იქიდან თანხის გამოტანაზე ისაუბრებს
„მეც ვიყავი ბანკში და მოსამართლის თანდასწრებით მოვახსენებ ყველაფერს. მე ვიყავი იქ თანხის გამოტანის მომენტში. ორი შავი მანქანა იყო. ჩემი აზრით, იყო ძალოვანი სტრუქტურის მანქანა. იქ ალეკომ ჩადო თანხები. ეს თანხა საჭირო იყო ჩვენი კომპანიისთვის. გვქონდა მშენებლობა, ბენტლის, მაზერატის და ამისთვის გვჭირდებოდა. გამოვიტანეთ თანხა და ალეკოს უთხრა ყიფიანმა, რომ ჩაედო მანქანაში. დაძაბული სიტუაცია იყო“, – განაცხადა დავით ფნქველაშვილმა.
დავით ფანქველაშვილამდე დაიკითხა „ომეგა” ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე ხაჩიშვილი, რომელმაც ასევე ამ ეპიზოდზე ისაუბრა. სწორედ ალექსანდრე ხაჩიშვილმა გამოიტანა „თი ბი სი“ ბანკიდან ოთხ მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, რაც მისი თქმით, ლევან ყიფიანს გადასცა. ალექსანდრე ხაჩიშვილმა სხდომის დაწყებამდე განმარტა, რომ პროცესზე სწორედ ამ ეპიზოდზე უნდა ესაუბრა.