ოლიმპიურ ჩემპიონ რაფაელ ჩიმიშკიანს დღეს დაკრძალავენ [ვიდეო] #1TVSPORT
ოლიმპიურ ჩემპიონ რაფაელ ჩიმიშკიანს დღეს დაკრძალავენ [ვიდეო] #1TVSPORT

ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადამდე, ქალაქ ივანოვოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი მისმა კონკურენტმა ნიკოლაი საქსონოვმა მოიგო, ოლიმპიადაზე მაინც ჩიმიშკიანი წაიყვანეს. პირველობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე რაფაელ ჩიმიშკიანი ავად გახდა და წონაში მოიმატა.

ოლიმპიადის დაწყებამდე პირველი შეკრება გუნდმა დანიის ქალაქ ვიბორგში გაიარა. იქ ფილტვების ანთება დაუდგინდა, თუმცა ბედად, ნაკრების ექიმი კუხალევსკი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი იყო, რომელმაც სამედიცინო ინსტიტუტი სწორედ საქართველოს დედაქალაქში დაასრულა და ჩიმიშკიანს დიდი გულისყურით უმკურნალა.

„ვიბორგიდან ჰელსინკამდე მატარებლით ვიმგზავრეთ. მახსოვს, ჩემთან ერთად ვაგონ-ჰოსპიტალში ლეგენდარული მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილიც მოხვდა – ისიც გაციებული იყო. ჩვენ შემადგენლობის ბოლო ვაგონში ვიყავით, რაზეც მეკოკიშვილმა იხუმრა – რაფო, ნუ დარდობ, ფინეთიდან ორივე პირველი ვაგონით ვიმგზავრებთ – იქ ჩვენ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებითო და ასეც მოხდა“, – იხსენებდა რაფაელ ჩიმიშკიანი.

„ძალოსნების შეჯიბრება სპორტკომპლექს „მესუჰალეში“ ჩატარდა და გვიანობამდე გაგრძელდა. ყველა ოლიმპიურ სოფელში დაბრუნდა, ბოლო ავტობუსი კი მხოლოდ ჩვენ, ძალოსნებს გველოდა. ოლიმპიურ სოფელში წასვლის წინ გივი კარტოზიამ და ვახტანგ ბალავაძემ მითხრეს – რაფო, აბა შენ იცი, გვასახელე! სასტუმროში რომ დაბრუნდები, იცოდე, გელოდებით და გვნახეო… შეჯიბრების მსვლელობისას მწვრთნელებმა ძალიან მომიშალეს ნერვები – არ უკვეთავდნენ იმ წონას, რასაც ვითხოვდი. თუმცა, საბოლოოდ, მაინც ჩემპიონი გავხდი. დილის 3 საათი იყო, ფორმა რომ გამოვიცვალე და ჩემი ნივთები ჩავალაგე. სოფელში, რომ მივედით, რიჟრაჟი იყო. ავტობუსის ფარების შუქზე სასტუმროსთან სილუეტებს მოვკარი თვალი – თურმე გივი და ვახტანგი კიდევ მელოდებოდნენ. როცა ჩემი ჩემპიონობის ამბავი გაიგეს, მხრებზე შემისვეს და ლამის მთელი ჩვენი დელეგაცია გააღვიძეს, ყვიროდნენ – რაფო ჩემპიონია, რაფო ჩემპიონიაო!“

რაფაელ ჩიმიშკიანი 1952 წლის ამბების გახსენებისას ემოციებს და ცრემლს ვერასდროს მალავდა…

„გივიმ ხელში ამიტაცა და იმეორებდა – „შენ ჩემი ძალა ხარო“. ეს იმხელა სიხარული იყო, დღემდე თვალზე ცრემლი მადგება იმ ღამეს რომ ვიგონებ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც მაშინ ვგრძნობდი“.

მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო ძალოსნადაღიარებული რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში, 25 სექტემბერს გარდაიცვალა.