ოლაფ შოლცი - რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ თუ ის დიდხანს გაძლებს, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება
რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ თუ ის დიდხანს გაძლებს, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთის გზავნილი რუსეთისადმი უცვლელი რჩება – რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან.
„მფრინავების მომზადება არის გრძელვადიანი პროექტი, აშშ-ს, მაგალითად, ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, რა სახის იქნება მომზადება, თუმცა ეს არის პროექტი, რომელიც გზავნილია, პირველ რიგში, რუსეთისთვის და ასევე, რომელიც ეხება მთელ ჩვენს საქმიანობას. კერძოდ, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ თუ ის დიდხანს გაძლებს, უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება. ჩვენი გზავნილი უცვლელი რჩება – რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის ლიდერის თქმით, სიმბოლურია, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრები და მიწვეული ქვეყნები ჰიროსიმაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საუბრობენ.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ვსაუბრობთ ასეთ სიმბოლურ ადგილას, როგორიცაა ჰიროსიმა, არის სწორი, განსაკუთრებით, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთის საშინელი თავდასხმა უკრაინაზე უცვლელად გრძელდება. გზავნილი, რომელსაც აქედან ვაგზავნით, არის, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს თავისი ძალები, ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.