ოლაფ შოლცი - მნიშვნელოვანია, ევროპაში საზღვრებს არ ემუქრებოდეს საფრთხე, ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი
გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ეს კანცლერის რანგში ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია ბრიუსელში.
როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი, კერძოდ კი, მის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია იყო.
სტოლტენბერგის თქმით, ეს ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიას, მოახდინოს დეესკალაცია და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი მორიგი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაჯდება და ამას რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ნატო ღია რჩება დიალოგისთვის.
მისი თქმით, ნატო მზად არის, შეხვდეს რუსულ მხარეს ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტოლტენბერგთან განხილულ საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„მნიშვნელოვანია, რომ საზღვრებს არ ემუქრებოდეს საფრთხე და ევროპის ქვეყნების მოსახლეობას ჰქონდეს იმედი იმისა, რაზეც შევთანხმდით, რომ საზღვრების ცვლილება არ მოხდება და არ განხორციელდება აგრესიული ქმედებები სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ იმაზე, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და არავინ შეუქმნას მას საფრთხე“, – განაცხადა შოლცმა.
იენს სტოლტენბერგი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მთავრობის მოთხოვნას, გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება.
„ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი. ეს გაწერილია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი არის რუსეთიც, მათ შორის ჰელსინკის დასკვნით აქტში, პარიზის ქარტიაში და მრავალ სხვა დოკუმენტში, სადაც მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებაში სურს მონაწილეობა. ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან გადასაწყვეტია მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის მიერ და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთის ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.