ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს. როგორც ე.წ. უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს, მიზეზი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა . ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დე ფაქტო უწყების ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი გამშვები პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო დაიხურა.
როგორც საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.