ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ვებგვერდიდან ამოღების გამო, დუმის დეპუტატი ავიაკომპანია „აზიმუტის“ შემოწმებას ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ვებგვერდიდან ამოღების გამო, დუმის დეპუტატი ავიაკომპანია „აზიმუტის“ შემოწმებას ითხოვს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ვებგვერდიდან ამოღების გამო რუსეთის დუმის დეპუტატი ავიაკომპანია „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსეთის დუმის დეპუტატმა, ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს განცხადება გაუგზავნა, სადაც „აზიმუტის“ შემოწმებას ითხოვს.

„რუსულმა კომპანია „აზიმუტმა“ ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო. ავიაკომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, მიუთითონ თავიანთი ეროვნული პასპორტი, როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. გთხოვთ, შეამოწმოთ „აზიმუტის“ შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაკიევის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ სიტუაციას შეიძლება, ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები, რადგან მსგავსი პრეცედენტის არსებობის შემთხვევაში ხვალ ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს გამოყოფენ რუსეთის ფედერაციისგან.

რუსეთის დუმის დეპუტატი თხოვნით მიმართავს რუსეთის გენერალურ პროკურორს, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეაჩეროს „აზიმუტის“ ლიცენზია.

კომპანია „აზიმუტში“ განაცხადეს, რომ სპეციალისტები მუშაობენ საიტის სრული ფუნქციონირების აღსადგენად.

„შექმნილ ვითარებაში, ჩვენ გირჩევთ, გამოგვიგზავნოთ წერილი ავიაბილეთების გაცემის მოთხოვნით და საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტები გასცემენ ბილეთებს ბმულის საშუალებით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.