გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ცენტრალურ პარკში ათობით ადამიანი შეიკრიბა და დე ფაქტო მთავრობისგან დაზუსტებული ინფორმაცია მოითხოვა, რა პრინციპით გადაეცა ლუკავა ქართველ სამართალდამცველებს.
აქციის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
აქციაში დე ფაქტო პარლამენტის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი თვლიან, რომ პირი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა „მისჯილი“, დრანდის ციხიდან საიდუმლოდ არ უნდა გაეყვანათ, გაეთავისუფლებინათ ან გაეცვალათ.
ამასთან დაკავშირებით, ე.წ. პარლამენტის წევრები დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრისგან ახსნა-განმარტებებსაც ელიან.
თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, სოხუმის დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა 25 დეკემბერს გათავისუფლდა.