ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი გიორგი ლუკავას გათავისუფლების გარემოებებზე საუბრობს
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი გიორგი ლუკავას გათავისუფლების გარემოებებზე საუბრობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი საზოგადოებრივი პროტესტის გამო, დე ფაქტო პარლამენტში, მისი გათავისუფლების პროცესის შემსწავლელი ე.წ. კომისია შეიქმნა. ამის გამო დე-ფაქტო პარლამენტი დასვენების დღეს, საგანგებოდ შეიკრიბა და საკითხზე 7 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

დღეს დილით კი, ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის წერილის ტექსტი, სადაც ის ლუკავას გათავისუფლების გარემოებებზე საუბრობს.

„აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა საქართველოს მოქალაქე, მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების თხოვნით. ლუკავას გათავისუფლება მოხდა სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების სანაცვლოდ, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი და იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თბილისში. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ თხოვნის დაკმაყოფილებას შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება მოჰყვებოდა. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი მხრიდან ანალოგიური შინაარსის თხოვნა ჩვენც დავაკმაყოფილეთ“, – აღნიშნულია ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის წერილში, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალება „აპსნი“ ავრცელებს.