ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრემიერ-მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრემიერ-მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, პირი, რომლის ავტომობილიც გენადი გაგულიას მანქანას შეეჯახა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, მძღოლს ხაჯარატ ტარსმანის მართვის მოწმობა არ ჰქონდა.
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად გუშინ დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიდიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდნენ გაგულიას მძღოლი და პირადი მცველი.
მომხდართან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმმა გლოვის დღე გამოაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა კი, „უშიშროების საბჭოს“ სხდომა მოიწვია. როგორც რუსული მედია იუწყება, სხდომაზე გუშინ ღამით მომხდარი ავარიის შესახებ იმსჯელებენ. ამასთან, რუსი ჟურნალისტების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წევრები „სახელმწიფო კომისიის“ შექმნაზეც იმსჯელებენ, რომელსაც გაგულიას დაკრძალვის ორგანიზება დაევალება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია 2018 წლის 25 აპრილს დანიშნა.
გაგულია ე.წ. პრემიერად აპრილში მესამედ დაინიშნა, ამ ე.წ. პოსტზე ის 1995-1997 და 2002-2003 წლებში მუშაობდა.