სირიიდან დაბრუნებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
სირიიდან დაბრუნებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სირიიდან დაბრუნებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერის, გენადი გაგულიას დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „ინტერფაქსთან“ განაცხადა, რომ ავარია იყო უბედური შემთხვევა და არა ტერორისტული აქტი.

„აფხაზეთის დელეგაცია ბრუნდებოდა სირიიდან. დელეგაციის შემადგენლობაში მეც ვიყავი, ვარ ავარიის თვითმხილველი, ეს იყო უბედური შემთხვევა და არა ტერორისტული აქტი“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

რადიო „თავისუფლების“ ცნობით, როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, ე.წ. სამთავრობო დელეგაციის მანქანების კოლონას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი, სამოქალაქო პირი მართავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა და იმ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც გენადი გაგულია იმყოფებოდა.

„უბედური შემთხვევა, რომელსაც აფხაზეთის პრემიერი გენადი გაგულია ემსხვერპლა, მოხდა გუდაუთაში“, – განაცხადა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრესსპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, გაგულიას მძღოლი და დაცვის წევრი ავარიის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიდიოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია 2018 წლის 25 აპრილს დანიშნა.

გაგულია ე.წ. პრემიერად აპრილში მესამედ დაინიშნა, ამ ე.წ. პოსტზე ის 1995-1997 და 2002-2003 წლებში მუშაობდა.