ოკეანის დრონმა ტროპიკული ქარიშხლის შუაგულში ვიდეო გადაიღო — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
14:10, 04.10.2021
პირველად მსოფლიოში, ამერიკელმა მეცნიერებმა ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილ მე-4 კატეგორიის ტროპიკულ ქარიშხალში გამოსცადეს კამერით აღჭურვილი ოკეანის დრონი, რომელიც რობოტულ სერფდაფას ჰგავს.
აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მიერ გამოქვეყნებულ დრამატულ ვიდეოში ჩანს, როგორ ებრძვის პატარა ხომალდი 15 მეტრი სიმაღლის ტალღებსა და 190 კმ/სთ სიჩქარის ქარიშხალ „სემს“.
ავტონომიურ აპარატს „სეილდრონი“ უწოდეს და ის ამავე სახელის მქონე კომპანიამ შექმნა.
ქარზე მომუშავე აპარატი სიგრძეში შვიდი მეტრია და აქვს სპეციალური „ქარიშხლის ფრთა“, რომელიც სასტიკ გარემო პირობებს უძლებს და აგროვებს მონაცემებს, რომლებიც მეცნიერებს დედამიწის ერთ-ერთი გამანადგურებელი ძალების უკეთ შესწავლაში ეხმარება.
სეილდრონის ვებგვერდის მიხედვით, მას შეუძლია აღრიცხოს და ჩაიწეროს ქარის სიჩქარე და მიმართულება, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, მარილიანობა, ტენიანობა და ა.შ.
„იმედი გვაქვს, გავაუმჯობესებთ ამინდის მოდელებს, რომელთა საფუძველზე გვექნება ქარიშხლების სწრაფი გაძლიერების პროგნოზი“, — ამბობს NOAA-ს მეცნიერი გრეგ ფოლცი.
მისი განცხადებით, სწრაფი გაძლიერება, ანუ როდესაც ქარიშხალი საათებში ძლიერდება, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სანაპირო საზოგადოებებისთვის; უპილოტო ხომალდის მიერ შეგროვებული მონაცემები ამ დროს უმნიშვნელოვანესია.
მეცნიერთა განცხადებით, კლიმატის ცვლილება ოკეანეს ათბობს და ქარიშხლებს უფრო აძლიერებს, რითაც სულ უფრო იზრდება რისკი სანაპირო საზოგადოებებისთვის.