ვირუსების სამყარო წარმოუდგენლად ვრცელია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათასი ვირუსი უკვე დეტალურად არის შესწავლილი, მეცნიერთა განცხადებით, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, შეიძლება არსებობდეს ვირუსების ტრილიონობით სახეობა.
ამ მხრივ ყველაზე კონსერვატიული შეფასებებიც კი გასაოცარია. ოკეანეებში სავარაუდოდ იმალება ათობით მილიონი სახის ვირუსი და მათი პოვნა არც თუ ისე რთულია. თუ მოძებნას დააპირებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ ასობით ათასი ახალი სახეობა ისეთ მცირე ოდენობის წყალში, რომ უბრალოდ დამუნჯდეთ — 10 მილიონი ვირუსი სულ რაღაც მილილიტრ წყალში. ეს ვარაუდები არ არის, სინამდვილეში, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებია.
მთელ ამ წარმოუდგენელი ოდენობის ვირუსების გარემოცვაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ორი იმედისმომცემი მუდმივა, რომლებიც სულ ახლახან შეისწავლა ნიდერლანდების ზღვის კვლევების სამეფო ინსტიტუტის საზღვაო ეკოლოგ ჯენიფერ უელშის ჯგუფმა.
მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ ცოცხალ არსებას ყოველი ვირუსი არ აინფიცირებს; უფრო მეტიც — ზოგიერთი არსება ვირუსებით იკვებება. მიუხედავად ასეთი დასაფასებელი საქმიანობისა, ამ ფენომენის დიდი ნაწილი ჯერ ამოუხსნელია.
„წყლიან გარემოში ვირუსები ყველაზე უხვი ბიოლოგიური ერთეულებია, თუმცა, მიუხედავად მათი პოტენციური ეკოლოგიური გავლენისა, ცოტა რამ არის ცნობილი ვირუსის შთამნთქმელი გარე, არამასპინძელი ორგანიზმების შესახებ“, — განმარტავენ კვლევაში უელში და მისი ჯგუფი.
ლაბორატორიაში ჩატარებულ ექსპერიმენტთა სერიაში, მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ შთანთქავენ წყლის ეს არამასპინძელი ორგანიზმები ვირუსულ ნაწილეკებს თავიანთ გარემოში — აქტიური მტაცებლობით თუ პასიური მექანიზმებით, მაგალითად, როგორც მფილტრავი ორგანიზმები თუ ორგანიზმები, რომლებიც ფიზიკურ ბარიერებს წარმოქმნიან ვირუსულ პარაზიტებსა და მათ მასპინძლებს შორის.
ცხოველის 10 სხვადასხვა სახეობის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კიბორჩხალები, მოლუსკები, ხამანწკები და ზღვის ღრუბლები ყველაზე უკეთ ამცირებენ ვირუსთა სიუხვეს.
„ჩვენს ექსპერიმენტში, ზღვის ღრუბლებმა ვირუსების რაოდენობა სამ საათში 94 პროცენტით შეამცირეს, 24 საათის შემდეგ კი ამ ციფრმა 98 პროცენტს მიაღწია“, — განმარტავს უელში.
მისივე თქმით, კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვირუსების შთანთქმა მართლაც ძალიან სწრაფად და ეფექტიანად ხდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი წყალში ყოველ 20 წუთში ახალ ვირუსებს აწვდიდნენ, ზღვის ღრუბლები მათ მაინც წარმოუდგენლად ეფექტიანად შთანთქავდნენ.
მეორე ყველაზე ეფექტიანი არსება კიბორჩხალა აღმოჩნდა. 24 საათში ვირუსების რაოდენობა მათ 90 პროცენტით შეამცირეს, მოლუსკებმა 43 პროცენტით, ხამანწკებმა კი 12 პროცენტით.
რა თქმა უნდა, ლაბორატორიის ეს შთამბეჭდავი ექსპერიმენტი შეიძლება ასეთივე წარმატებული არ იყოს ველურ გარემოში, გამომდინარე იმ მრავალი ქცევითი ცვლილებისა, რომელიც შეიძლება ბიომრავალფეროვან წყლიან გარემოში მოხდეს; არ უნდა დაგვავწყდეს ისიც, რომ ზღვის სიღრმეების გარემოს ცვალებადობაც.
„სიტუაცია იქ გაცილებით კომპლექსურია, რადგან წარმოდგენილია ცხოველთა მრავალი სახეობა, რომლებიც ერთმანეთზე ახდენენ გავლენას“, — ამბობს უელში.
მისი თქმით, მაგალითად, თუ ხამანწკი წყალს ფილტრავს და ვირუსებს იჭერს, ამ დროს კი მის სიახლოვეს კიბორჩხალა გამოჩნდება, ის სარქველებს დახურავს და ფილტვრას შეაჩერებს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, მიქცევა-მოქცევითი დინებები, ტემპერატურა და ულტრაიისფერი სინათლე.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ არამასპინძელი ცხოველების ბუნებრივი უნარი, შთანთქონ ვირუსული ნაწილაკები წყლიან გარემოში, არის რაღაც ისეთი, რაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც გამოვიყენოთ; მაგალითად, აკვაკულტურულ მეურნეობაში, სადაც თუნდაც ზღვის ღრუბლებს გამოვიყენებთ ერთგვარი ფარის სახით ფერმის პოპულაციის ვირუსული პათოგენებისგან დასაცავად.
იქნება თუ არა ამის განცორციელება ოდესმე შესაძლებელი, ალბათ ვნახავთ, მაგრამ როგორც ჯგუფი აღნიშნავს, აშკარაა, რომ ოკეანეებში ვირუსების შთანთქმის ეს პროცესი არის სრულიად მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი.
„არამასპინძელი ორგანიზმების გავლენა მიმდებარე გარემოზე, ნამდვილად არის ის ფაქტორი, რომელიც ვირუსების ეკოლოგიაში აქამდე უცნობი იყო“, — ამბობს უელში.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nioz.n-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.