ოკეანეები თბება მაჩვენებლით, რაც წამში ხუთი ატომური ბომბის აფეთქებას უდრის — ახალი კვლევა
1950-იანი წლებიდან 2019 წლამდე დაგროვებული მონაცემების ანალიზის შემდეგ, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ მსოფლიო ოკეანეების საშუალო ტემპერატურა 2019 წელს 0,075 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო 1981–2010 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
რიცხვი შეიძლება არც ისე დიდად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ოკეანეთა მასიური მოცულობის დონეს, ასეთი მცირე ზრდისთვისაც კი საჭიროა საოცრად დიდი ოდენობის სითბო — 228 სექსტილიონი ჯოულის ოდენობის.
ეს რიცხვი წარმოსადგენად საკმაოდ რთულია და ამიტომ, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მათემატიკას მიმართა. უკეთ აღსაქმელად, ეს ნერგია მან შეადარა 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქებისას გამოყოფილი ენერგიის ოდენობას.
„ჰიროსიმას ატომური ბომბის აფეთქებისას გამოიყო დაახლოებით 63 000 000 000 000 ჯოული ენერგია. Ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენმა ოკეანეებმა კი მიიღო სითბო, რომელიც 3,6 მილიარდი ჰიროსიმას ატომური ბომბის აფეთქებას უდრის“, — ამბობს პრესრელიზში კვლევის ავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი ლიჯინგ ჩენგი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასული 25 წლის განმავლობაში, ყოველ წამში ოკეანე ჰიროსიმას ოთხი ბომბის აფეთქების ეკვივალენტ ენერგიას იღებდა. უფრო საგანგაშო კი ის არის, რომ ეს მაჩვენებელი მყარი არ არის და გამუდმებით იზრდება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჯონ აბრაჰამის განცხადებით, 2019 წელს, ოკეანე წამში 5 ჰიროსიმას ბომბის აფეთქების ეკვივალენტ სითბოს იღებდა, დღისით თუ ღამით, მთელი 365 დღის განმავლობაში.
თუკი ატომურ ბომბთან შედარებაც ვერ გიქმნით სათანადო წარმოდგენას, 2019 წლის მაჩვენებელი ასევე შეგვიძლია შევადაროთ სხვა შემთხვევას — დედამიწის ყველა მცხოვრებმა რომ 100 თმის საშრობი გამუდმებით მიუშვიროს ოკეანეს.
ამ ყველაფერმა კი, რასაკვირველია, უკვე იქონია უზარმაზარი გავლენა გარემოზე.
ყინული სწრაფად დნება, რაც ზღვის დონის მომატებას იწვევს. კვდება ზღვის უამრავი არსება, რადგან ახალ გარემოს ისინი სწრაფად ვერ ეგუებიან. პლანეტაზე უარყოფით გავლენას ახდენს ამ გათბობის გამო ატმოსფეროში წყლის აორთქლებაც.
„ეს ქარიშხლებსა და ტაიფუნებს უფრო აძლიერებს, ნალექები უფრო ინტენსიური ხდება“, — ამბობს აბრაჰამ ვაისი.
მაჩვენებელი კი გამუდმებით იმატებს. ყოველ ჯერზე, როცა დათბობის საწინააღმდეგო მოქმედებებს ვავადებთ, სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ უარესდება.
კვლევა ჟურნალ Advances in Atmospheric Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია vice.com-ის მიხედვით.