ოჯახში ძალადობის, მუქარისა და არასრულწლოვნის სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ლაგოდეხში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.