ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ე.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ნ.-მ 2018 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლის ნ.ი.-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა, რა დროსაც მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.ნ.  იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.