ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ოდესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცეცხლმოკიდებული შენობიდან მაშველებმა 15 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან ოთხი ადგილზევე გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, ექვსი ჰოსპიტალიზებულიდან ორი დაშავებული დაიღუპა.
ხანძარი ოდესაში მდებარე საავადმყოფოს სახურავზე, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე საგანგებო სამსახურების ათობით თანამშრომელი მუშაობდა.
თვითმხილველების თქმით, სახურავიდან ცეცხლი ხეებზეც გავრცელდა. ხანძრის ლიკვიდაციისთვის საგანგებო სამსახურს დაახლოებით საათ-ნახევარი დასჭირდა.