The Observer - „ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი რუს დიპლომატებს 11-ჯერ შეხვდა
„ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი რუს დიპლომატებს 11-ჯერ შეხვდა, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Observer-ი.
The Guardian-ის პარტნიორი გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმამდე და მის შემდეგაც, „ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი, ბიზნესმენი აარონ ბენკსი რუსეთის ელჩს 11-ჯერ შეხვდა. ამასთან, ბიზნესმენმა რუსეთის ელჩისგან კიდევ ოთხი მიწვევა მიიღო. საკვირაო გამოცემის ცნობით, შესაძლოა, სწორედ აღნიშნულ შეხვედრებზე მათ მხარეებს შორის თანამშრომლობაზე გარიგების დეტალები შეათანხმეს.
მანამდე ბრიტანელი ბიზნესმენი აცხადებდა, რომ რუს დიპლომატ ალექსანდრ იაკობენკოსთან მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა. ბიზნესმენის და ელჩის შეხვედრა ლონდონში 2015 წლის სექტემბერში შედგა. სწორედ ამ დღეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერი კამპანიის დაწყების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა ბრიტანელი ბიზნესმენი აცხადებს, რომ რუსეთისგან „ბრექსიტის“ კამპანიის წარმოებისთვის თანხა არ მიუღია.
2017 წელს დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტის“ კამპანიის დაფინანსებისა და ბიზნესმენის რეალური მიზნების დასადგენად გამოძიება დაიწყო.