ნუკრი ქანთარია - განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რაც ვერავინ გაბედა
ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა. თუ მიხეილ ბატიაშვილი გააკეთებს ამას, კარგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, განათლების სისტემაში რეფორმები ჩასატარებელია, თუმცა რატომ გახდა საჭირო კონკრეტულად ამ ორი მოადგილისა და ოთხი სსიპ-ის ხელმძღვანელების გათავისუფლება, ამას ალბათ თავად მინისტრი ახსნის.
„თავიდანვე ვთქვი, რომ მიხეილ ბატიაშვილი ძალიან დიდი უწყების, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა და რთული იქნება-მეთქი. იმავე პოზიციაზე ვარ ფაქტობრივად. რეფორმები ჩასატარებელია, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, ამას ალბათ თვითონ ახსნის მინისტრი. ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა. თუ ის გააკეთებს ამას, კარგი. მაგრამ ამ პიროვნებებთან დაკავშირებით თვითონ ახსნიან ალბათ ამ გადაწყვეტილებას. იგივე მაია მომინოშვილი, რომელიც კარგად უძღვებოდა ეროვნული გამოცდების საქმეს და მხოლოდ წელს მოხდა გარკვეული ხარვეზი, შედეგები გვიან გამოქვეყნდა“, – განაცხადა ქანთარიამ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.