მიხეილ ჩხენკელი გლობალური განათლების საკითხებზე UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ სესიაზე მოხსენებით წარდგა
მიხეილ ჩხენკელი გლობალური განათლების საკითხებზე UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ სესიაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიწვევითა და გაერთიანებული სამეფოს, განასა და ნორვეგიის მთავრობების თანამასპინძლობით გლობალური განათლების საკითხებზე გამართულ სესიაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა პოსტპანდემიურ პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ კორონავირუსის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების სისტემის ადაპტაციის გამოცდილება გაუზიარა.

„ჩემთვის დიდი პატივია იუნესკოს მიერ ორგანიზებულ გლობალური განათლების შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მოწვევისთვის. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისმა ყველა ქვეყანაზე მოახდინა გავლენა. ახალმა რეალობამ სხვა კუთხით დაგვანახა განათლება – მძლავრი ბერკეტი გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის. მეამაყება იმის თქმა, რომ მთელს საქართველოში უწყვეტი და ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების გასაწევად სამინისტრომ ეფექტურად განახორციელა სწრაფი გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე სხვადასხვა პლატფორმების შეთავაზებით, დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“. პანდემიამ საშუალება მოგვცა, გავხდეთ უფრო ძლიერი, ინოვაციური და შევიმუშაოთ მექანიზმები გამოწვევების დასაძლევად. მჯერა, რომ კრიზისის განმავლობაში და მის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა უნდა შეინარჩუნონ თანამშრომლობა გლობალური განათლების კუთხით. პანდემიამ აჩვენა, რომ ამგვარი თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საპასუხოდ, იმისათვის რომ განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას, სამინისტრო ჰიბრიდული მეთოდის მეშვეობით აგრძელებს მიმდინარე პროცესების ეფექტურად მართვას. ამასთანავე, უსაფრთხო განათლების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო სთავაზობს სკოლებს დისტანციური  სწავლების შესაძლებლობას, თუკი ეს მშობლებისთვის არის მისაღები.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს.

UNESCO-ს მიერ ორგანიზებული სესია უნიკალური პლატფორმა მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისა და გლობალური საგანმანათლებლო აქტორებისათვის, რათა იმსჯელონ განათლების სისტემის შესახებ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, შეათანხმონ გლობალური პრიორიტეტული ქმედებები განათლების სისტემის აღდგენისა და პროგრესის მიღწევის მიზნით.